მყინვარების დნობით გამოწვეული წყალდიდობები მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ემუქრება. ამ მხრივ, განსაკუთრებულ იმედებს მეცნიერების პოტენციალს ვამყარებთ, რომელიც ახლა აქტიურად სწავლობს მთის მყინვარულ ტბებთან დაკავშირებულ რისკებს და შეიმუშავებს შესაძლო ზომებს, მსგავსი კატასტროფების შედეგების პრევენციისა თუ შერბილების მიზნით.
შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ჩინელი გლაციოლოგი შუგუი ჰოუ ერთ დღეს ინტერნეტში წააწყდა შვეიცარიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო გადაცემის ბმულს, რომელიც შვეიცარიის საზოგადოებრივი ტელევიზიის არხზე, SRF-ზე გადადიოდა. ამ გადაცემის ერთ-ერთმა სიუჟეტმა იგი ღრმად დააფიქრა: იქ ნაჩვენები იყო, თუ როგორ გაარღვია გამდნარმა მყინვარულმა წყალმა ბუნებრივი კაშხალი და ჩაეშვა ბერნის კანტონის ხეობაში. წყალდიდობის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი უბნების სურათმა შეახსენა მას მსგავსი ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ტიბეტში 2020 წლის ივნისში მოხდა.
„ე.წ. მყინვარული ტბის აფეთქების წყალდიდობა (GLOF) არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, თუმცა არა ყველაზე აშკარა საფრთხე მთიან რაიონებში“, – თქვა შუგუი ჰოუმ ბოლო საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალზე – Global Science Film-ზე (პოპულარული ფილმების ფესტივალი ბაზელში) SRF-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ.
მაშინ ტიბეტში წყლის ნაკადი წარმოუდგენელი სიჩქარით დაეშვა: მოგვიანებით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დაშვებული წყლის მოცულობა წამში საშუალოდ 5602 კუბურ მეტრ შეადგენდა, რაც ორზე მეტი ოლიმპიური საცურაო აუზის მოცულობას უდრის.
საბედნიეროდ, მაშინ არავინ დაღუპულა, მაგრამ ღვარცოფმა მყისიერად დატბორა დიდი სასოფლო-სამეურნეო მიწები და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახლებს, გზებსა და ხიდებს.
„მსგავსი კატასტროფები რეგულარულად ხდებოდა გასული საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ბოლო წლებში მათ მიიპყრეს საზოგადოებისა და მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება, მათი დრამატული ხასიათისა და კატასტროფული შედეგების გამო“, – ამბობს პროფესორი.
და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კატასტროფები უკვე მილიონობით ადამიანს ემუქრება, ისინი ჯერ კიდევ სრულიად არასაკმარისად არის შესწავლილი. ნებისმიერი სამეცნიერო პროგნოზი ჯერჯერობით ყავაზე მკითხაობას უფრო ჰგავს, მაგრამ შესაძლებელია როგორმე ასეთი კატასტროფების პროგნოზირება?
„ცუნამი ცაში“
მყინვარული ტბის კაშხლის ჩამოშლის მიზეზები ზოგადად ცნობილია: კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების დნობის შემდეგ ბუნებრივი კაშხლების უკან ტბები წარმოიქმნება. წყლის დონის მკვეთრი აწევის გამო, ეს კაშხლები შეიძლება გაირღვეს და ჩამოინგრეს, რაც გამოიწვევს ხანმოკლე, მაგრამ მძლავრ ღვარცოფს. გაეროს განვითარების პროგრამის სპეციალისტები რომანტიკულად აღწერენ ამ ფენომენს, როგორც – „ცუნამი ცაში“ (Tsunami in the Sky). თუმცა, სინამდვილეში, აქ რომანტიკული არაფერია.
ეს არის ნამდვილი სტიქიური უბედურება, რომლის პროგნოზირება ჯერ კიდევ ძალიან რთულია, Მაგრამ რატომ?
ნიუკასლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ქეროლაინ ტეილორი, რომელიც სპეციალიზებულია GLOF საფრთხის შეფასებაში, ამბობს, რომ პროცესში ძალიან ბევრი უცნობი ცვლადი მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ ორი ერთნაირი წყალდიდობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით შეუძლებელია რაიმე სახის ზოგადი თეორიის და ერთიანი მოდელის შექმნა ასეთი ან მსგავსი კატასტროფების პროგნოზირებისთვის. ჯერ უცნობია, რა კრიტერიუმები და ნიშნებია ნათელი სიგნალები იმისა, რომ კატასტროფა მოხდება. ხშირად, ქეროლაინ ტეილორის თქმით, მეცნიერები ერთ მხარეს იყურებიან, როცა მეორე მხარეს უნდა ეძებონ.
2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიას, თავიანთი სამეცნიერო მუშაობის პირველი შედეგებით, კ. ტეილორმა და მისმა კოლეგებმა დაურთეს მსოფლიოს რუკა, პოტენციური რისკის ზონებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ამჟამად ზვავსა და ღვარცოფის საფრთხის წინაშეა მთელ მსოფლიოში. მათგან ნახევარზე მეტი ცხოვრობს ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთსა და პერუში.
ამ მხრივ, ყველაზე დაუცველი რეგიონებია ჰიმალაი და ანდები. შვეიცარია, რისკის მხრივ, მხოლოდ ახალ ზელანდიას უსწრებს, თუმცა აქაც 700 000-მდე ადამიანს ემუქრება საშიშროება, მთის წყლის ნაკადის უეცარი დარტყმის მსხვერპლი გახდეს. უფრო მეტიც, შვეიცარიასაც კი – ქვეყანას, რომელსაც მყინვარების მოძრაობის დინამიკის შესწავლისა და მთებში წყალდიდობის სიტუაციის მოდელირებისა და მონიტორინგის დიდი გამოცდილება გააჩნია – ჯერ კიდევ არ შეუძლია, მთლიანად გამორიცხოს ასეთი სტიქიური უბედურებები.
„იმედი, რომ ერთ დღეს შევიმუშავებთ რაიმე სახის უნივერსალურ მეთოდოლოგიას ამ სახის კატასტროფების პრევენციის, მონიტორინგისა და აღმოფხვრის მიზნით, სხვა არაფერია, თუ არა ილუზია“, – ამბობს მაურო ვერდერი, გლაციოლოგი ციურიხის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლიდან (ETHZ).
მთავარი პრობლემა ის არის, რომ არსებულ ტექნოლოგიას ჯერ არ შეუძლია, ზუსტად გაზომოს ყველა მოძრაობა და ცვლილება შიდა არხების ქსელში, რომლებიც, როგორც წესი, ნებისმიერ მყინვარში ხდება.
ეს ბზარები, არხები და ღრმულები გამუდმებით მოძრაობს: ხან მატულობს, ხან იკუმშება და ხან ერთიანდება კიდეც. ასეთ ვითარებაში ჯერ კიდევ შესაძლებელია, როგორმე განვსაზღვროთ მოცემული ტბის ან ყინულის მასივის განვითარების ზოგადი ტენდენცია, მაგრამ მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ, იწინასწარმეტყველონ, როდის გაარღვევენ ეს ტბები კაშხალს ან უბრალოდ, სადმე გაქრებიან.
მეცნიერის თქმით, ჯერჯერობით ექსპერტები მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან: მომავალში მყინვარული ტბები გაიზრდება, მათი რიცხვი მოიმატებს და ზვავები თუ ღვარცოფები კიდევ უფრო გახშირდება, განსაკუთრებით კი, თბილ და ნოტიო კლიმატში. თავის მხრივ, ქეროლაინ ტეილორი ამბობს, რომ უახლოეს წლებში მთის ღვარცოფისა და წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვიც გაიზრდება, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ვითარება განსხვავებული იქნება.
სტატია გამოქვეყნებულია swissinfo-ზე