მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, მოიძებნებიან ძალები, რომლებისთვისაც დღეს პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობა 

“ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მოიძებნებიან ძალები, მათ შორის პოლიტიკური, რომლებისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება, პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობა და ეფექტიანობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დააკვირდეს სპეციალისტების შეფასებებს.

„ეს არ ვარგა უბრალოდ, ასე წინსწრებით განცხადებების გაკეთება, რომლებსაც აუდის პოლიტიკური ინტერესისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობების მყრალი სუნი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება იქნებოდა, პირველ რიგში ყველა დააკვირდეს სპეციალისტების შეფასებებს ამ საკითხების ირგვლივ და ამ შეფასებების მიხედვით, თუ გამოძიება იქნება საჭირო, ჩატარდება გამოძიება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები