ნიდერლანდების საგარეო უწყება: ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში – იმედს ვიტოვებთ, დაკარგული ადამიანების უვნებლად პოვნა მოხერხდება
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყრის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს.
„ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.