სერგი ხიდეშელი: გეოლოგების პირველადი შეხედულებით, მყინვარ ბუბაზე მოწყდა მყინვარის გარკვეული ნაწილი, ამან ხელოვნური დამბის წარმოქმნა გამოიწვია, შემდეგ მოხდა ამ დამბის ჩამოშლა და მოხდა ის უბედურება რაც თავს დაგვატყდა
“გეოლოგების პირველადი შეხედულებით, მყინვარ ბუბაზე მოწყდა მყინვარის გარკვეული ნაწილი, ამან ხელოვნური დამბის წარმოქმნა გამოიწვია, შემდეგ მოხდა ამ დამბის ჩამოშლა და მოხდა ის უბედურება რაც თავს დაგვატყდა”,- ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ადამიანების ფიზიკურად მუშაობა ჭირს, ამიტომ ტექნიკის მობილიზება ხდება.
“საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ჩართულია სამაშველო სამსახური, სასაზღვრო პოლიცია, თავდაცვის ძალები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კეთდება. მადლობა ყველა იმ პირს ვინც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართულია. აქ ძალიან რთულია იმ მასაში მუშაობა, რაც ჩამოტანილია კურორტის ტერიტორიაზე.
იყო კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა მოქალაქეების ჩართულობა – პირველივე დღიდან, ადგილზე ვიყავი, და იმ მასაში ადამიანის გადაადგილება ვერ მოხერხდება. ამიტომ ხდება ამ რაოდენობის ტექნიკის მობილიზება”,- განაცხადა ხიდეშელმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.