დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი აგროსაწარმოები დაათვალიერა და ფერმერებთან შეხვედრა გამართა.
„რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია როგორც ფერმერების მხარდაჭერა, ისე სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოების სრული ციკლის განვითარება. მნიშვნელოვანია, სრულად იყოს აწყობილი წარმოების ჯაჭვი პირველადი პროდუქციის წარმოებიდან მის გადამუშავებამდე. სწორედ ეს ქმნის დამატებით ღირებულებას, აძლიერებს ადგილობრივ წარმოებას, ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალს.
სამინისტროს პროგრამები მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს, რაც, საბოლოოდ, ეკონომიკის გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარებას ემსახურება. სახელმწიფო აგრძელებს როგორც ფერმერების მხარდაჭერას, ისე რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა დასაქმებულებს საქმიანობისთვის შესაბამისი პირობები ჰქონდეთ და დარგის განვითარების პროცესში სრულფასოვნად იყვნენ ჩართული“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა დაათვალიერა მეღვინეობა „მარნაველი“, მეფრინველეობის ფერმა „საბუდარა“, კომბინირებული საკვების მაღალტექნოლოგიური საწარმო „ნუტრიმაქსი“ და სოფელ დამია-გეურარხში მოწყობილი სასათბურე მეურნეობა, სადაც ადგილზე გაეცნო წარმოების პროცესს, განხორციელებულ ინვესტიციებსა და საწარმოების განვითარების გეგმებს.
ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისიც გახსნა, რომელიც თანამშრომლებს განახლებულ სამუშაო გარემოსა და მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებულ სერვისებს უზრუნველყოფს.
მინისტრი ასევე შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს, მოისმინა მათი საჭიროებები და გამოწვევები, ისაუბრა აგროსექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, გადამმუშავებელი სექტორის განვითარებასა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.