„XVIII საუკუნის უნიკალური ვერცხლის ჭიქა, მეფე ერეკლესა და დედოფალ დარეჯან დადიანის გამოსახულებით, სამინისტრომ ხელოვნების სასახლის კოლექციისათვის შეიძინა“

კულტურის სამინისტრომ XVIII საუკუნის უნიკალური ვერცხლის ჭიქა, მეფე ერეკლესა და დედოფალ დარეჯან დადიანის გამოსახულებით, ხელოვნების სასახლის კოლექციისათვის შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის სამინისტრომ მორიგი დიდი საჩუქარი გაუკეთა ხელოვნების სასახლეს და ჩვენი მუზეუმის ძვირფას დამთვალიერებელს, XVIII საუკუნის უნიკალური ვერცხლის ჭიქა მეფე ერეკლესა და დედოფალ დარეჯან დადიანის გამოსახულებით, სამინისტრომ ხელოვნების სასახლის კოლექციისათვის შეიძინა. ასეთი ჭიქის ერთი ნიმუში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში უკვე ინახებოდა, როგორც ჩანს, დედოფალმა დარეჯან დადიანმა თანამეცხედრე მეფისათვის (საიუბილეოდ?) ვერცხლის სერვისი შეუკვეთა, რომელზედაც შემდეგი მემორიალური წარწერა გააკეთა „სახსოვრათ მეფე ერეკლეს დარიასაგან”.
ვერცხლის ჭიქა ქართველი ოსტატის მიერაა დამზადებული, რის აღსანიშნავადაც ჭიქის ძირზე შესაბამისი ქართული დამღაა… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიშკა ამირიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნივთი სხვას არ ეყიდა, უცხოეთში არ გასხვისებულიყო და ქართული მუზეუმის კუთვნილება გამხდარიყო! მადლობა თეა წულუკიანს ტრადიციული თანადგომისათვის, სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ამოქმედებისათვის, მუზეუმისათვის სასიკეთო საქმეების მხარდაჭერისათვის! ქართული კულტურის გულშემატკივრებსა და მეფე ერეკლეს ცხოვრებით დაინტერესებულ მკვლევრებს კი ვულოცავ ამ შესანიშნავ შენაძენს, მალე უნიკალური არტეფაქტი ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გამოიფინება“, –  წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები