აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ მიუხედავად მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის შესახებ უთანხმოებისა, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, სწორია, რომ ამის იმედი მქონდეს. ჩვენ თუ დავინახავთ სომხური მხარის კონსტრუქციულ მიდგომას. რაც მთავარია, თუ ისინი მთლიანად გადადებენ ყველა მისწრაფებას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ სამშვიდობო გადაწყვეტილება ძალიან მალე, შესაძლოა, წლის ბოლომდეც კი“, – განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია Euronews-ს ინტერვიუში.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, 26 ივლისს, ერევანში Euronews-თან ცალკე საუბრისას, ასევე ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა.
„არამარტო შეიძლება იყოს, არამედ უნდა იყოს კიდევაც მშვიდობა. ეს არის ჩემი რწმენა, ჩემი პოზიცია, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს მნიშვნელოვანი ნიუანსი, ცხადი იყოს, რატომ არ არ ხდება ეს საკმარისი ტემპით“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ამავდროულად, ფაშინიანმა გაიმეორა ბრალდება, რომ აზერბაიჯანი კვლავ ბლოკავს საკვებისა და მედიკამენტების ტრანზიტს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის, ერთადერთი გზის გავლით, რომელიც სომხეთს ანკლავთან აკავშირებს და რითაც ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს.
ალიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანული ძალები ბლოკავენ გადაადგილების თავისუფლებას და აღნიშნა, რომ 2000-ზე მეტი ყარაბაღელი გადავიდა „სომხეთში და უკან“ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა აპრილში დერეფნის შესასვლელთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი დააწესა.