გია ვოლსკი: საქართველომ საკმაოდ სერიოზულად გაიძლიერა პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველომ საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიძლიერა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძინა ჩინეთისგან ყველა მიმართულებით.
„საქართველომ საკმაოდ სერიოზულად გაიძლიერა პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე და ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძინა საკმაოდ მძლავრი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნისგან ყველა მიმართულებით“, – ამბობს ვოლსკი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.
31 ივლისს გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ასევე პეკინში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს დაესწრო.