გიორგი ცუცქირიძე: პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებენ

“ამ სახის სიახლეებით დიდად ნამდვილად არ ვართ განებივრებული. პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებენ!” – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს GRUNI Trading Lab-ში დახვდებათ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამუშაო სივრცე, ბირჟაზე ვაჭრობის ლიცენზირებული პროგრამები, პროფესიონალ ტრეიდერთა გუნდი და სასწავლო-პრაქტიკულ პროცესზე მორგებული სპეციალური საუნივერსიტეტო კურსები, რომლის ანალოგი მხოლოდ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში თუ მოიძებნება. რაც მთავარია, კურსდამთავრებულები როგორც საკუთარ ტრეიდინგ ბიზნესში, ასევე წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში შეძლებენ დასაქმებას.

მიმაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტილება, რაც გაზრდის რა სტუდენტთა დაინტერესებას ფინანსების სწავლებისადმი, განსაკუთრებით საინვესტიციო და საბროკერო მიმართულებით, შეიძლება კარგი ბიძგი მისცეს საქართველოში საფონდო ბაზრის ამუშავებას, და არსებული კანონმდებლობის დახვეწას. რა დასამალია, საფონდო ბაზრის სრული სტაგნაციის პირობებში, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, როგორც იტყვიან თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან. ვახტანგ ჭარაიას და რობაქიძის უნივერსიტეტს კი ამ ეროვნულ საქმეში მხოლოდ წარმატებები მინდა ვუსურვო!

მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ ლიკვიდურ საფონდო ბაზართან ერთად, ასევე კარგად განვითარებული საბანკო სექტორი, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, ბევრად უფრო სწრაფo ზრდა ჰქონდათ, ვიდრე ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ როგორც საფონდო ბაზარი, ასევე განვითარებული ბანკები ან მათი ჰიბრიდი.

ცალკე თემაა საფონდო ბაზრის, არსებული და პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი მოდელის ტრანსფორმაცია ან ახალი ვარიანტის შექმნა, რადგან საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ მხოლოდ კაპიტალის ბაზრის განვითარება საკმარისი არ იქნება. თუ ბიზნეს სჭირდება ალტერნატიული რესურსირების წყაროები, თავის მხრივ, საფონდო სეგმენტის განვითარება ბანკებსაც მისცემს საშუალებას განავითარონ საინვესტიციო საბანკო მომსახურება, დღეს ბანკების აქტიურ ოპერაციებში პრაქტიკულად ნულოვანია ფასიანი ქაღალდების პორთფელი დილინგური ოპერაციებისათვის, ხოლო ფინანსური მომსახურების თვალსაზრისით, საინვესტიციო ბანკინგის მექანიზმები პრაქტიკულად არ გამოიყენება” – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები