როგორ აფასებენ საქართველოში ქართველთა მონაწილეობას უკრაინულ წვრთნებში
უკრაინაში, ლვოვის მახლობლად, 13-27 სექტემბერს, სამხედრო პოლიგონ „იავაროვაზე“ ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება „რაპიდ ტრაიდენტი“ (Rapid Trident) გაიმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნები ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას; მათ შორის 200 ამერიკელი სამხედრო, ასევე სამხედროები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოუწევს მოქმედება. უკრაინაში დაგეგმილი სწავლების მნიშვნელობასა და მასში ქართველი სამხედროების ჩართვას “კვირასთან“ ესქპერტები და პოლიტიკოსები აფასებენ. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ნატოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ქართველი სამხედროების ჩართულობა საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, ნატოს სწავლებაში ქართველი სამხედროების ჩართვას ქართული მხარე სიამოვნებით დათანხმდა.
“ნატოს შემოთავაზებები – ეს არის საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით ვიღებთ. ასეთი წვრთნები საქართველოშიც ტარდება. რაც შეეხება კრემლის შესაძლო რეაქციას – ყველამ კარგად ვიცით, რომ არავის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ საქართველოს ინტერესების დაცვაზე ვართ ორიენტირებულები. ასე, რომ ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ იმ სიკეთეების დაცვისკენ რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა გარანტირებული“, – განუცხადა “კვირას“ სესიაშვილმა.
სამხედრო ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამხედრო პოლიგონ „იავაროვაზე“ დაგეგმილ სამხედრო სწავლებას წმინდა სამხედრო მნიშვნელობა ვერ იქნება და ის პოლიტიკურ დატვირთვას მიიღებს. მაისაიას თქმით, ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ნატოს მიერ დაგეგმილი სწავლების პარალელურად რუსეთი მორიგი წვრთნების ჩატარებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების ჩატარება, ყაზახეთის საზღვართან ახლოს, ალტაის მხარეში იგეგმება.
“ეს იქნება ფართომასშტაბიანი წვრთნები, სადაც მონაწილეობას მიიღებს ავიაცია, 4000 სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა. თავის მხრივ, უკრაინაში, ლვოვის მახლობლად ალიანსის მიერ დაგეგმილი სწავლება გაიმართება, რომელსაც უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მხოლოდ სამხედრო დანიშნულება ვერ ექნება. არსებობს საფუძველი იმისა, რომ ნატოს მიერ დაგეგმილი სწავლება ისევე როგორც, რუსეთის მიერ დაანონსებულ წვრთნები “მუსკულების თამაშად“ მივიჩნიოთ “,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
რაც შეეხება სწავლებაში ქართველი სამხედროების ჩართვას, სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით საქართველო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს ალიანსის წევრობა სურს და მისი არჩევანი მტკიცეა.