ზელენსკი აცხადებს, რომ დნიპროში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას რუსული რაკეტა მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ერთ-ერთი შენობა, რომელსაც დნოპროში რუსული რაკეტა მოხვდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაა.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსი ოკუპანტები ტერორისტული აქტების გამო დაისაჯონ.

როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე უკვე ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული, დაზარალებულებს დახმარებას უწევენ და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„დნიპრო. პარასკევი საღამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა და მრავალსართულიანი შენობა. კვლავ რუსული სარაკეტო ტერორი.

ოპერატიულად ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა. ჩვენ სწრაფად ვრეაგირებთ და ვეხმარებით ხალხს. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა დღეს, დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები