“რუსეთი შეძლებს ომის გაგრძელებას ძველი ტემპით დიდი ხნის განმავლობაში” – ესტონეთის დაზვერვა
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრს მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია, აანაზღაუროს უკრაინაში ადამიანური დანაკარგები ახალი გაწვევით, ამიტომაც, ის შეძლებს ძველ ტემპში ომის გაგრძელებას დიდი ხნის განმავლობაში.
ამის შესახებ სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა, მარგო გროსბერგმა განაცხადა, – იტყობინება ERR-ი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს რეზერვში არც ისე კარგად აქვთ საქმე, როგორც უკრაინელებს, ის მაინც შეძლებს დამატებით 190 ათასი ადამიანის მოზიდვას, 1-ელ აპრილს შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ფარგლებში.
რუსეთის ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ჯარში 400 000 კაცის გაწვევა, მაგრამ ამ რაოდენობის ნახევარიც კი საკმარისი იქნებოდა არსებული დანაკარგის შესავსებად.
გროსბერგმა აღნიშნა, რომ, ესტონეთის შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთს 130 000-დან 140 000-მდე დაღუპული და მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ეს შეფასებები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე, მაგალითად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ციფრების. ივლისის დასაწყისში, ბრიტანეთის უწყებამ რუსეთის დანაკარგი შეაფასა, როგორც 220 000 მოკლული და დაჭრილი.
„თუ წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კიდევ 190 000-მდე ადამიანის მობილიზება, მაშინ ეს შესაძლებელს გახდის დანაკარგების შევსებას, რაც ომის გახანგრძლივებას ნიშნავს. მაგრამ, ამავდროულად, ეს საშუალებას მისცემს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არ გამოაცხადოს მობილიზაცია, როგორც ეს გასული წლის სექტემბერში გაკეთდა. დაკომპლექტების ასეთი ტემპით შესაძლებელი იქნება სტატუს კვოს შენარჩუნება”,- ამბობს გროსბერგი.