“შეერთებული შტატები მთელი და უვნებელი ვერ გადარჩება” – ფხენიანი ვაშინგტონს აფრთხილებს

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კანგ სუნ ნამმა საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გადარჩება „მთელი და უვნებელი“, თუ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, არამედ აღმოჩნდება უპრეცედენტო კრიზისის წინაშე.

ამის შესახებ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA) იუწყება.

მან განაცხადა, რომ “მტრული ძალების აგრესიული ზრახვები უფრო ნათელი გახდა” და შეერთებული შტატები, თავის მომხრეებთან, ბირთვულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად ცდილობენ ბირთვული ომი წამოიწყონ.

​კანგ სუნ ნამმა აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს, შექმნას “აგრესიული სამხედრო ბლოკი” სამხრეთ კორეისა და იაპონიის მონაწილეობით, რომელიც მიმართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეის.

მისი თქმით, ვაშინგტონი ღიად ცდილობს, “შეითრიოს” კორეის ნახევარკუნძულის რეგიონში ნატოს ძალები, რითაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის, არამედ – მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოებას.

„აშშ-ის იმპერიალისტებს არანაირი საფუძველი არ აქვთ – იფიქრონ, რომ დარჩებიან უვნებელნი ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ. თუ აშშ შეეცდება, გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, მათ მოუწევთ – გადაიტანონ ისეთი კრიზისი, რომელსაც ვერც კი იფიქრებდნენ და რომლის წინაშეც არასდროს დამდგარან“, – განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები ყოველთვის “იბრძოლებენ იმავე სანგრში” ქვეყნებსა და “პროგრესულ” ხალხებთან ერთად, რომლებიც იბრძვიან მშვიდობიანი, “ლამაზი მწვანე პლანეტისთვის, სადაც არ არის აგრესია, ძარცვა, მკვლელობა და ნგრევა, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები