ნიკოლოზ სამხარაძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: წერტილი დაუსვა იმ აღვირახსნილ მოღალატეობრივ კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა წერტილი დაუსვა იმ აღვირახსნილ მოღალატეობრივ კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიდან მთლიანად ფინანსური სისტემა არის ისე აწყობილი, რომ აქ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების თავიდან არიდებას.
„ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თვეების მანძილზე საქართველო იყო დეზინფორმაციის მსხვერპლი და არამხოლოდ ჩვენი ოპოზიციური პარტიების, საქართველოს შიგნით, არამედ გარკვეული ევროპარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსებიც, თუნდაც ყოფილი დიპლომატები ამბობდნენ, რომ საქართველოს რუსეთი იყენებს, როგორც შავ ხვრელს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი შიდა ოპონენტების მხრიდან ეს იყო პირდაპირ ქვეყნის ღალატი, როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას აბრალებ ასეთ რამეს.
სანქციების კოორდინატორების ვიზიტმა ამ ყალბ კამპანიას დიდი წერტილი დაუსვა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გააქარწყლა ეს ყველაფერი სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა, სადაც შავით თეთრზე ძალიან მოკლედ და ლაკონურად წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიდან მთლიანად ფინანსური სისტემა არის ისე აწყობილი, რომ აქ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების თავიდან არიდებას და ამ მხრივ, სხვათა შორის, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის მსოფლიოში.
ასევე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო ბიზნეს წარმოებისთვის და ეკონომიკური მდგრადობის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანათა რიცხვში შედის. რა თქმა უნდა, ეს არის აღიარება იმისა, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ის ფინანსური პოლიტიკა, რომელიც სანქციების გვერდის ავლას უშლის ხელს, დაინახეს პარტნიორებმა ძალიან კარგად და საკმაოდ მსუყე წერტილი დაუსვეს იმ აღვირახსნილ მოღალატეობრივ კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია და ქვეყანა გამორჩეულია რეგიონში. ამასთან, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ის და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.