მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ რასაც ხელისუფლება საუბრობს არის სიმართლე

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგად გამოირკვა, რომ ყოველთვის ხელისუფლების განცხადებები აღმოჩნდება ხოლმე მართალი და ოპოზიცია რასაც საუბრობს, არის ტყუილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორი სახელმწიფოები ადასტურებენ იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება საუბრობს.

„სულ ასე ხდება, ოპოზიცია გამოაცხადებს ხოლმე, რომ რაღაც დრამატული მოვლენები ვითარდება ქვეყანაში, ძალიან მძიმე ფერებში ასახავენ, თითქოს რეალობას და მერე გამოდიან რომელიმე ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო დაწესებულებები ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და აფასებენ სრულიად განსხვავებულად. ისინი ადასტურებენ, რასაც ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება საუბრობს, რომ ის მიგნებები, რომელზეც არის ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ეს არის რეალობა საქართველოში. რომ არის, მაგალითად, ეკონომიკური მაჩვენებელი და მდგომარეობა გაუმჯობესებული, ბიზნესკლიმატი და ა.შ. შესაბამისად, ყველა ეს გარემოება ისე ლაგდება, რომ, პრაქტიკულად, ყოველთვის ასე ხდება, რომ ხელისუფლების განცხადებები აღმოჩნდება ხოლმე მართალი და ოპოზიცია რასაც საუბრობს, როგორც წესი, ყოველთვის არის ხოლმე ტყუილი. ასეთ დროს არავინ არ ადგება, მაგალითად, ოპოზიციის მხრიდან და ბოდიშს არ მოიხდის, მათ შორის, იმ მცდელობებზე, რომელიც ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისთვის აქვთ ნამუშევარი ამ მიმართულებით. მაგრამ ამომრჩეველი ხედავს ყველაფერს ძალიან კარგად, რომ რეალობა აღმოჩნდება ხოლმე ის, რაზედაც საუბრობს ხელისუფლება. ზუსტად იგივე თემაა ამ შემთხვევაში სანქციებთან დაკავშირებით. ლობისტურ კამპანიებს წარმართავდნენ, ძალიან დიდ ფულს იხდიდნენ იმაში, რომ ქვეყნისთვის დაებრალებინათ ისეთი რამ, რასაც შეეძლო, შემდგომ ქვეყნის მიმართ გამოეწვია ანტაგონიზმი საერთაშორისო თანამეგობრობისა, მათ შორის სანქციები დაეწესებინათ ქვეყნისთვის და ა.შ. ამიტომ გააჩინეს გარკვეული მითები შავ ხვრელებთან დაკავშირებით, მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით და სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია და ქვეყანა გამორჩეულია რეგიონში. ამასთან, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ის და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები