მარიამ ქვრივიშვილი: ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ჩვენი ზღვის წყალი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი – ეს არის ქვეყნის მტრობა
ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ჩვენი ზღვის წყალი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი – ეს არის ქვეყნის მტრობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„გასული პერიოდის განმავლობაში ვხედავთ მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, მათ შორის აჭარაზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია და კამპანია არსებობს თითქოს ჩვენი ზღვის წყალი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ეს არის ქვეყნის მტრობა იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად ყოველი დღის განმავლობაში შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები გამოდიან და საუბრობენ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, რომ არაფერი იქ ნორმის მიღმა არ არის და რომ ყველაფერი კვლავ უსაფრთხოა. ამ ადამიანების ინტერესში შედის, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იყოს ძლიერი და არც ის მცირე მეწარმეები და ბიზნესის წარმომადგენლები არ იყვნენ ძლიერები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან ჩართულები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.