უკრაინამ რუსეთის თავდაცვით ხაზებში სუსტი წერტილი აღმოაჩინა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, – ამის შესახებ CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სარდლობა რეზერვში ზოგიერთ დანაყოფს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების დიდი ნაწილი უკვე ამოქმედდა.
„როგორც ჩანს, სიჯიუტემ გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ხაზების გარკვეული ელემენტები გაირღვა და სარეზერვო შენაერთები მივიდნენ, რათა ამ შესაძლებლობით ისარგებლონ“, – განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.