გიორგი ცუცქირიძე: მეორე ფრონტსა და ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაზე საუბარი არის არა თუ ანტისახელმწიფოებრივი, არამედ ღალატის ტოლფასი!
საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, განსაკუთრებით გასული წლის მეორე ნახევრიდან, რუსეთმა დიდწილად მოახდინა მიწოდების ჯაჭვების რესტრუქტურიზაცია და მისი საქონლის იმპორტი აღდგა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, არ გამართლდა დასავლეთის და აქაური ექსპერტთა ნაწილის ვარაუდები ომის შედარებით სწრაფად დასრულებაზე, რაც ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის პერსპექტივაზე და რუსული ეკონომიკის გამოფიტვაზე იყო დიდწილად აგებული.
„უკრაინა უფრო ადვილად აიღებს მოსკოვს, ვიდრე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს გაათავისუფლებს, რომ არაფერი ითქვას ყირიმზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომი უწევთ, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, არამედ თავად ამ რესპუბლიკების საჯარისო ნაწილებთან და ზოგადად ამ რეგიონის რუსულენოვან მოსახლეობასთან, რომლებიც თავიანთი განწყობით რუსული იმპერიის თავგადაკლული მომხრეები უფრო არიან, ვიდრე თუნდაც შედარებით პასიური მომხრეები.
მიუხედავად, არაერთგვაროვანი შეფასებებისა, საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტები პირობითად რუსული იმპერიის პასიური მომხრეები უფრო არიან, რადგან გამოექცნენ პუტინის რეჟიმს და უბრალოდ არ მოინდომეს თავდადება ან სიკვდილი იმპერიისთვის! და ესეც ფაქტია, ყოველგვარი სიმულაციის გარეშე!
არ გამართლდა დასავლეთის და აქაური ექსპერტთა ნაწილის ვარაუდები ამ ომის შედარებით სწრაფად დასრულებაზე, რაც ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის პერსპექტივაზე და რუსული ეკონომიკის გამოფიტვაზე იყო დიდწილად აგებული. რუსეთის ეკონომიკა კი, გასული წლის ვარდნის შემდეგ, რაც დიდწილად საერთაშორისო სანქციების შედეგი იყო, მიმდინარე წლის მაისში 5.4%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილში 3,3%-იანი ზრდის შემდეგ. ეს არის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები 2022 წლის იანვრის შემდეგ, ნაწილობრივ გასული წლის ვარდნის შემდეგ.
რუსეთის ეკონომიკური აქტივობის ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 2023 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, 3.3%-ით გაიზარდა, მარტში 0.7%-იანი შემცირების შემდეგ. და ეს არის პირველი ყოველთვიური ეკონომიკური გაფართოება 12 თვიანი კლების შემდეგ, ნაწილობრივ გასული წლის დაბალი საბაზისო ეფექტის გამო, თუმცა რუსეთის ეკონომიკის შეკუმშვა მარტიდან შემსუბუქდა, როდესაც 2023 წლის მარტში 1.1%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც იყო რუსეთის ეკონომიკაში ომის დაწყებიდან ზედიზედ მეთორმეტე ყოველთვიური შეკუმშვა.
მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის ზრდა იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ მშპ 2023 წლის პირველ კვარტალში 2.2%-ით შემცირდა და, როგორც ჩანს, მეორე კვარტალს საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, სავარაუდოდ 5.5-6 %-ის ფარგლებში, თუ გავითვალისწინებთ ივნისის საპროგნოზო 4.5%-იანი ზრდის მაჩვენებელს, რომელიც უფრო კონსერვატიულია, ვიდრე რეალური, რადგან აპრილში დაფიქსირებული 3.3%-იანი ზრდის წინასწარი პროგნოზი 1.9% იყო, ხოლო მაისში დაფიქსირებული 5.4%-იანი ზრდის პროგნოზი 3.4%.
საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, განსაკუთრებით გასული წლის მეორე ნახევრიდან, რუსეთმა დიდწილად მოახდინა მიწოდების ჯაჭვების რესტრუქტურიზაცია და მისი საქონლის იმპორტი აღდგა, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა, როგორც მისი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტისა გაიზარდა, ჩინეთში, ინდოეთში და აზიის ქვეყნებში გაზრდილი მიწოდების შედეგად, მაგრამ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუსეთის ეკონომიკის აღმასვლა მნიშვნელოვანწილად განპიროვნებულია გაძლიერებული წარმოებით, აქ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიც იგულისხმება, საბითუმო ვაჭრობით და სამშენებლო სექტორით. და არც წამყვან საერთაშორისო ბრენდებს დაუტოვებიათ რუსეთის ბაზარი, მიუხედავად ომის დაწყების პირველ თვეებში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებისა. სწორედ ამის შედეგია, რომ რუსეთის მშპ 0,6%-ით გაიზარდა ორი წლის წინანდელთან შედარებით, ანუ არა თუ ომამდე, არამედ 2021 წელთან მიმართებაშიც კი.
აქვე გთავაზობთ რუსეთის ექსპორტისა და იმპორტის ტოპ 5 პარტნიორ ქვეყანას: საბაზრო ვაჭრობა იმპორტი (მილიონ აშშ დოლარი), ჩინეთი – 49,146 წილი ვაჭრობაში 14.58%, ნიდერლანდები – 24,819 წილი ვაჭრობაში – 7.36 %, გაერთიანებული სამეფო – 23,158 წილი ვაჭრობაში – 6.87%, გერმანია – 18619 წილი ვაჭრობაში – 5.52%,
ექსპორტი ვაჭრობა (მილიონ აშშ დოლარი): ჩინეთი 54,913 წილი ვაჭრობაში – 23,70%, გერმანია – 23,382 წილი ვაჭრობაში – 10.09%, შეერთებული შტატები – 13,213 წილი ვაჭრობაში – 5.70%, იტალია – 10,196 წილი ვაჭრობაში – 4.40 %; ეს ისე ანალიზისათვის, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაზე ერთი ამბავი, რომ არის ხოლმე ატეხილი!
დღეს სულ უფრო მეტი ექსპერტი დასავლეთში იხრება იმ თვალსაზრისისკენ, რომ ომის დაწყებიდან 500 დღის შემდეგაც, რაიმე კონსენსუსამდე ჯერ კიდევ ადრეა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მინიმალურ ვადას უკვე 2024 წლის ბოლოსკენ ვარაუდობენ, თუმცა ეს „პროქსი ომი”, როგორც მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს, ვიეტნამის ომისგან განსხვავებით, ძნელი საპროგნოზოა. ცნობილია, რომ ვიეტნამის ომის დასრულებაში, აშშ-ში მძლავრმა ანტისაომარმა განწყობამ და მოსახლეობის პროტესტმა, ითამაშა გადამწყვეტი როლი. დღეს ანტისაომარი პროტესტი ევროპის ცალკეულ ქალაქებში უფრო ისმის, ვიდრე აშშ -ში ან რუსეთში! რუსეთში საზოგადოების განწყობა არა თუ პაციფისტური, არამედ პირიქით, ლამის სამამულო ომის კატეგორიაშია გასული, სადაც რუსეთი იბრძვის ნატო-სთან და დასავლეთთან და სადაც რუსეთის მარცხი რუსული სახელმწიფოს დასასრულად არის მიჩნეული“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.
რაც შეეხება საქართველოს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტზე ანდა რაიმე რადიკალურ მოძრაობებზე საუბარი, არის არა თუ ანტისახელმწიფოებრივი, არამედ ღალატის ტოლფასი.
„აქ საუბარი მეორე ფრონტზე ან რაიმე რადიკალურ მოძრაობებზე, მათ შორის ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივ სცენარებზე, რასაც ოპოზიცია ქადაგებს და საკუთარი მედიით ცდილობს დღის წესრიგის ფორმირებას, არის არა თუ ანტისახელმწიფოებრივი, არამედ ღალატის ტოლფასი! ამ გლობალურ ომში შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვა ის ქვეყნები, რომლებიც იმოქმედებენ არა ემოციით ან სხვათა მოსაწონად, არამედ რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიანიჭებენ პრიორიტეტს!
მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერის დაწყებული ვიზიტი ჩინეთში არის არა უბრალოდ რაციონალური ხედვა გეოპოლიტიკისა, არამედ კარგად გათვლილი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რაზეც საკუთარ თვალსაზრისს მომავალში შემოგთავაზებთ“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.