ივლისის თვე ბოლო 120 ათასი წლის განმავლობაში შესაძლოა, ყველაზე ცხელი აღმოჩნდეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი შეეწირა.
ამის შესახებ Sky News-ი მეცნიერებზე დაყრდნობით იტყობინება.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა (WMO) და ევროკავშირის “კოპერნიკის” პროგრამის თანახმად, ივლისის პირველი სამი კვირა ყველაზე ცხელი იყო, თანაც – რეკორდულად აღალი განსხვავებებით წინა წლებთან შედარებით.
როგორც WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერი ტაალასმა თქვა,”სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების აუცილებლობა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა არ არის ფუფუნება, არამედ საჭიროებაა“.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კლიმატოლოგის, დოქტორ ფრედერიკ ოტოს თქმით, “მიმდინარე თვეში მაღალ ტემპერატურას, სავარაუდოდ ათასობით ადამიანი შეეწირა, თუმცა, ციფრებზე საუბარი ნაადრევია”.
Destination Zero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ აბრეუმ თქვა, მთავრობებმა უნდა დაარეგულირონ წიაღისეული საწვავის “შეუკავებელი, ბოროტი, მოგებაზე დაგეშილი” წარმოება.
ორგანიზაცია World Weather Attribution-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე თვეში სიცხისგან გარდაცვლილთა რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, მაგალითად, მექსიკის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი ადამიანი სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით უკვე გარდაიცვალა.
უკანასკნელი კვლევის თანახმად, შარშან ევროპაში სიცხისგან, დაახლოებით, 61 000 ადამიანი დაიღუპა.