იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
იტალიის სენატმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების რეზოლუციას მხარი იტალიის სენატის 130-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა, ხოლო სენატის ოთხმა წევრმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
იტალიელი სენატორები რეზოლუციაში აღნიშნავენ, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა, იოსებ სტალინის მეთაურობით, „განზრახ გამოიწვია შიმშილი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მილიონობით ადამიანის სიკვდილი, ძირითადად გლეხებისა და მცირე მიწის მესაკუთრეების“.
„ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების ხსოვნას დღეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობის ფონზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.