ხანძრის ახალი კერების გამო, საბერძნეთის მთავრობამ ქვეყანაში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ძლიერი ქარი მძვინვარებს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს (104 ფარენჰაიტს) აღემატება.
საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტყის ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა.
მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარება ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ველესტინოს მახლობლადაა, სადაც ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
ამასთან, ტყის ხანძარი გაჩნდა საბერძნეთის კიდევ ერთ ცენტრალურ ქალაქ ლამიასთან, სადაც რამდენიმე დასახლების მაცხოვრებლებს უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ.
ხანძარი თითქმის ჩამქრალია საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, სადაც გასულ შაბათ-კვირას, ზღვისპირა სასტუმროებიდან და სახლებიდან 20 000-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ცეცხლის კერების ჩაქრობას როდოსის სამხრეთით, მთიან ზონასთან, რომელიც უკვე კვირაზე მეტია უკონტროლოდ იწვის.
„გამანადგურებელ ხანძრებთან ბრძოლა დღეს ექსტრემალურ პირობებში რამდენიმე ფრონტზე გრძელდება. დღეს ამ ზაფხულის ყველაზე რთული დღეა“, – განაცხადა სახანძრო ბრიგადის სპიკერმა, იოანის არტოპიოსმა ბრიფინგზე.