მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვუფრთხილდებით, ძალიან მოზომილები ვართ ჩვენს განცხადებებში, ერთი წამით არ ვცდებით ობიექტურობის ჩარჩოებს და ჩვენს მეგობრებსაც აქვთ ეს ვალდებულება
ამერიკის საელჩოს ყველაზე რიგითი თანამშრომლის ვალდებულებაც არის, რომ ამ ორი ქვეყნის ნაშენებ ურთიერთობას მოუფრთხილდეს. არა მხოლოდ ჩვენი. ჩვენ ვუფრთხილდებით, ძალიან მოზომილები ვართ ჩვენს განცხადებებში და ერთი წამით არ ვცდებით ობიექტურობის ჩარჩოებს. რაც წერია, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, იქით, დასკვნებს არ ვაკეთებთ. და ჩვენს მეგობრებსაც აქვთ ეს ვალდებულება, მათ წარმომადგენლებს განსაკუთრებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მდინარაძემ FARA-ს დოკუმენტებში საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ევან ელიოტის და მიხეილ სააკაშვილის ლობისტების მასთან კონტაქტების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია წაიკითხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს უფრო მეტი განმარტება სჭირდება. მისი თქმით, თუ საელჩოს თანამშრომელი მართლა იყო ჩარეული ამ პროცესში, ეს ცუდია, მაგრამ თუ ამ საკითხებში თანამონაწილეობა სააკაშვილის ლობისტებმა საელჩოს თანამშრომელს შეგნებულად, განზრახ დააბრალეს, ეს არანაკლებ რთული ვერსიაა.
„იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, ეს დაწერეს ლობისტებმა. მე ნამდვილად მირჩევნია საელჩოს დავუჯერო და არა სააკაშვილის ლობისტებს. თუ ეს აბსოლუტურად ტყუილია და ასეთი ზარები არ შემდგარა, მაშინ ღიად უნდა ვთქვათ, რომ მოიტყუა ლობისტმა, ე.წ. რუსული კანონის თანახმად განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს ტყუილი. მაშინ ამას თავისი მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს.
რომელი ინფორმაციაა ტყუილი? რომ არ დაჰკავშირებიან ელიოტს? შემდეგ დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი იყო ამაზე? აქტორი არ იყო საერთოდ საელჩოს თანამშრომელი თუ რა მოხდა სინამდვილეში? ჯერ ამბავი გავიგოთ ბოლომდე. დოკუმენტში მითითებულია: 6 მარტს კონტაქტი, 8 მარტს კონტაქტი. ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებდით, პირდაპირ ამ ადამიანთან გადიოდა კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ის ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემაზე: მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე, რასთან დაკავშირებითაც საელჩოს თანამშრომელს სალომე ზურაბიშვილთან უნდა დაეკავშირებინა. სალომე ზურაბიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ ასეთი მცდელობა იყო. არ თქვა, საელჩოს თანამშრომელთან იყო კონტაქტი თუ პირდაპირი კონტაქტი.
ეს ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონებია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დასჭირდათ ის ეხსენებინათ. რატომ დასჭირდათ? დააბრალეს? რაღა მაინცდამაინც ამ ადამიანს დააბრალეს?
ან თვითონ ამ ადამიანმა, ან საელჩომ, ან სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა, ან „ნაცმოძრაობამ“, რომელიც ამ პროცესებს თავის დავალებების მიმცემებთან ერთად სათავეში უდგას – ვიღაცამ ხომ უნდა თქვას რა მოხდა სინამდვილეში? რატომ ახსენეს ამ ადამიანის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ ეს მიეთითებინათ? კიდევ რას უნდა ველოდოთ? სად იყო ან არ იყო ვიღაც ჩარეული? ხომ უნდა მოგვიყვნენ რა მოხდა სინამდვილეში?
დავუშვათ ვერსია, რომ ტყუილად ჩაწერეს. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობა არის და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომ რაღაც დიდი უთანხმოება და სკანდალი ყოფილიყო? ამერიკაში რომ მოქმედებს, იმ ამერიკულ „რუსულ“ კანონში საკმაოდ მკაცრია ტყუილთან დაკავშირებული სანქციები. თუ ეს ტყუილი დადასტურდა, არ არის მარტივი გადასატანი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დოკუმენტი შეავსო. თუ მოიტყუა, რა მიზნით მოიტყუა? მაშინ ეს უნდა გაირკვეს. გაარკვიონ მაშინ და გვითხრან.
მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ, პირველივე დასკვნა და ემოცია არის, რომ ეს ადამიანი ჩართული იყო ამაში. სხვათა შორის, საელჩოს განცხადებაში ერთი რამ მეუცნაურა – საერთოდ არავის უთქვამს, წამოცდენის დონეზეც ისეთი რამ, რომ ფული აიღო საელჩოს თანამშრომელმა. და საელჩოს განცხადებაში რატომღაც იყო, რომ თითქოს ჰბრალდებოდა ფულის აღება მის წარმომადგენელს. ასეთი რამ არავის უთქვამს. ასეთი ინფორმაცია ჩვენი არცერთი სპიკერის მხრიდან არ გახმოვანებულა. ჩარევაზე, კი ბატონო. მეც და სხვებმაც ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია და განმარტებები სჭირდება იმას, რომ საელჩოს თანამშრომელთან შედგა არაერთი კონტაქტი ამ დოკუმენტების მიხედვით, რომ ის ჩარეული იყო სააკაშვილის შეწყალების შესახებ კონტაქტში პრეზიდენტთან, მაგნიტსკის სიის შედგენასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტში ასე წერია“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ივლისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მათი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.