“ხელის გაშვერა მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ სწორი არაა, ეს არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც” – გია ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე
„სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს: რა სახის აქტივობებში იყო მათი თანამშრომელი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში, ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არ წაადგება ჩვენს ურთიერთობებს და არც აშშ- ის იმიჯს“, – ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი.
“თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ეს საელჩოს განცხადებაში იქნება, მარგველაშვილის განცხადებაში თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა. ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ, პირადად იღებენ, ეს სამუშაო რესურსია, რაიმე სხვა შესაძლებლობების გამოყენება – მედიასტატიების შეკვეთა თუ სხვა, ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი.
თუკი ფარას ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზაციაში, გამოყენებასა და გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ- ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, კონკრეტული უარყოფაა საჭირო და არავისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ასეთი მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, რომელიც აშშ-სთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში, ითვლება სტრატეგიულ პარტნიორად, სწორი არაა, არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ- ის იმიჯსაც რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს, რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მათივე განცხადებით, მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.