მოლდოვა ქვეყნიდან 45 რუს დიპლომატს აძევებს
მოლდოვის მთავრობა კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობას 84-დან 39-მდე ამცირებს.
ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, იგორ ზახაროვმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნიდან გაძევებული იქნება 18 დიპლომატი და 27 ტექნიკური პერსონალი, ჯამურად, რესპუბლიკას საელჩოს 45 თანამშრომელი დატოვებს.
გადაწყვეტილება Jurnal TV-სა და The Insider-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას უკავშირდება, სადაც ნათქვამია, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფშია დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები სათვალთვალოდ იყენებენ.
ამის შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები ინფორმირებული არიან და შემდგომში “პრობლემის გადაჭრის გზებზე” გააკეთებენ კომენტარებს.