დუმაში კანონპროექტი შევიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან რუსეთის გასვლის შესახებ

რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატთა ჯგუფმა, ლიდერ გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაწევრიანების შესახებ 1992 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ინიციატივის ავტორები ასევე გამოდიან 1992 წლის, ვაშინგტონში ხელმოწერილი ოქმის გაუქმების ინიციატივით, რომელიც რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციაში მიერთების გულისხმობს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამგვარი ღონისძიება გამართლებულია რუსეთის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკით, ასევე, „სანქციების პოლიტიკით, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის თებერვლიდან აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მისი სატელიტების მოთხოვნით“.

პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრობამ ხელი არ შეუშალა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

იმავდროულად, RBC-ის ცნობით, 2023 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში მონაწილეობის შეწყვეტას, რადგან ორგანიზაცია არის “ომის შემდგომი ეკონომიკური მსოფლიო წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი”.

ასევე, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობაში მონაწილეობას აქვს მნიშვნელოვანი “იმიჯური ღირებულება” და ასევე ხსნის წვდომას “მოწინავე საერთაშორისო ფინანსურ ექსპერტიზაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები