რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე გაიზრდება
რუსეთის სახელმწიფო დუმამ, მეორე მოსმენით, ჯარში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდის შესახებ კანონი დაამტკიცა. ამასთან, არმიაში გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარი უცვლელი რჩება – 18 წელი.
აღნიშნული კანონი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ანუ ახალი ასაკობრივი ზღვარი საგაზაფხულო გაწვევაზე გავრცელდება.
ფედერაციის საბჭო კანონს ივლისში უყრის კენჭს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ჯარში გაწვევის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდას ითვალისწინებდა.
ამგვარი სახით, ის პირველი მოსმენით დუმამ ივნისში დაამტკიცა, თუმცა, გასულ კვირას საკანონმდებლო ინიციატივაში მოულოდნელად ცვლილება შევიდა. დუმის თავდაცვის კომიტეტმა დაამტკიცა შესწორება, რომლის თანახმადაც, რუსეთში გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარი 21 წლამდე არ გაიზრდება.
ამასთან, პროექტის დამტკიცებამდე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ანდრეი კარტოპოლოვი აცხადებდა, რომ ჯარში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდებოდა.
თუმცა, როგორც გაირკვა, გარდამავალი პერიოდი არ იქნება და გაწვევის მაქსიმალური ასაკი 30 წლამდე 2024 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება. აქამდე გაწვევის ზედა ზღვარი 27 წელი იყო.