რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის, ქალაქი კოსტიანტინივკას დაბომბვის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა, ხოლო კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათგან ოთხი ბავშვია.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაახლოებით 19:00 საათზე, ცეცხლი ადგილობრივ წყალსაცავს გაუხსნეს, რომლის ნაპირებზეც მოქალაქეები ისვენებდნენ.
მისი თქმით, დაბომბვა Smerch MLRS-ის კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელდა.
ამასთან, დონეცკის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსული იერიშის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა და დაშავდა 7 ადამიანი.
„კერძოდ, თავდასხმის შედეგად დაშავდა 5-იდან 12 წლამდე ოთხი არასრულწლოვანი: სამი გოგონა და ერთი ბიჭი. დაშავებულ ბავშვებს შორის არის ორი და, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
გარდა ამისა, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი: ორი 35 წლის ქალი და 44 წლის მამაკაცი. ყველას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა ზუსტდება“, – განაცხადეს პროკურატურაში.