თეა წულუკიანმა საქართველოში იაპონიის ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოში იაპონიის ახალდანიშნული ელჩის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებზე, სპორტსა და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საუბარი შეეხო 2023 წელს იაპონიაში დაგეგმილ კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატსაც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ელჩ იშიძუკა ჰიდეკის მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებლად გაწეული ძალისხმევისათვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები