გია ხუხაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ „ტიტანიკს“ აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა – ეს არ არის გამარჯვების ფორმულა

ვაშაძეს თავისი ინტერესი აქვს, რომ ორ კაცს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნას, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა.

„ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი, ეს მომავალზე კი არა, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანია და ბიძინასთვის, რა თქმა უნდა, საჩუქარია. მიშა ჰყავდა ერთი საფრთხობელა, რომელიც ახლა გალიაში უზის და დაემატა ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შოკოლადშია ბიძინა ახლა ამ ყველაფრით. ვაშაძეს თავისი ინტერესი აქვს, რომ ორ კაცს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა არა „ქართული ოცნება“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებია.

„ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა „ქართული ოცნება“ კი არაა, მათი პრობლემაა დანარჩენი ოპოზიცია, ისინი ეჯავრებათ, იმათ ეომებიან, ნახავთ თქვენ, რომ იმათ გამოუცხადებენ ძირითად ომს, ვინც მათი გემის მიღმა დარჩება, თვითონ ტიტანიკს აშენებენ ახლა და იმ ტიტანიკზე უნდათ ყველას აყვანა. ბიძინა ამას უყურებს და ხარხარებს, მეტი არაფერი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები