CNN: იტალია ბავშვების დაბადების მოწმობებიდან ლესბოსელი დედების სახელების ამოღებას იწყებს
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პადუაში შვილების დაბადების მოწმობიდან არაბიოლოგიური ლესბოსელი დედების სახელებს ამოიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, საუბარია იტალიელი ქალების 33 ბავშვის დაბადების მოწმობაზე, რომლებმაც ხელოვნური განაყოფიერება საზღვარგარეთ გაიკეთეს და შემდეგ თავიანთი შვილები პადუას მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის, სერჯო ჯორდანის ხელმძღვანელობის დროს დაარეგისტრირეს.
პადუას პროკურატურამ CNN-ს დაუდასტურა, რომ 20 ივლისის მდგომარეობით, დაბადების მოწმობიდან 27 დედის სახელი ამოიღეს.
ჯორდანმა ხელისუფლებაში მოსვლისას პირობა დადო, რომ დაბადების მოწმობებიდან ტრადიციულ აღნიშვნებს – „დედა“ და „მამა“, ამოიღებდა, მაგრამ აღნიშნული დაპირება არ შეასრულა და მელონის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას უბრძანა, შეეწყვიტათ ერთსქესიანი მშობლების შვილების რეგისტრაცია ორივე სახელით.
ახალი კანონმდებლობა გულისხმობს, რომ დაბადების მოწმობაში მხოლოდ ბავშვის ბიოლოგიური მშობლის დასახელება შეიძლება ჩაიწეროს.
როგორც CNN-ი წერს, სუროგაცია იტალიაში არალეგალურია და გეი ქორწინება ლეგალიზებული არ არის. იმის გამო, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ურთიერთობები არ არის აღიარებული კანონით, არაბიოლოგიურმა მშობელმა შვილად აყვანისთვის მთავრობას უნდა მიმართოს.
პადუა პირველი ქალაქია იტალიაში, რომელმაც დაბადების მოწმობები გააუქმა, უფლებადამცველი ჯგუფები შეშფოთებულნი არიან, რომ სხვა რეგიონებიც, იგივე გადაწყვეტილებებს მიიღებენ