ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო
ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო.
პროტესტის ნიშნად, ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა პარლამენტში 30-საათიანი განხილვა და საპროტესტო აქციები. კენჭისყრის დროს პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია.
ქსენეთის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სასამართლოს რეფორმირება გადაწყვიტა. კერძოდ, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე კონტროლის საპარლამენტო უმრავლესობისთვის გადაცემას. ხელისუფლებას ასევე სურს, უარი თქვას საკანონმდებლო პრინციპზე, რომელიც საშუალებას აძლევს უზენაეს სასამართლოს, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები. აღნიშნული კი უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას წარმოადგენს. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც ქნესეთში მანდატების უმრავლესობა აქვს, შეძლებს, თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს სასამართლოს ნებისმიერი კანონი.
კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. ნეთანიაჰუ კი პირიქით, არსებულ ვითარებას “ანტიდემოკრატიულს” უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.