მამუკა მდინარაძე: ლოგიკა გვეუბნება, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ
“ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს – ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში აგენტები ვერ გაიმარჯვებენ.
„ჩემი ვარაუდით, ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ შესაძლოა, არჩევნებამდე საქმე გვქონდეს გადაჯგუფებასთან „ნაცმოძრაობის“ რიგებში. იმ დიდ „კლასტერში“, რომელიც რამდენიმე პარტიად არის საქართველოში გაშლილი. ჩვენ იგივე ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ. ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს, რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები. როგორც ჩანს, ეს ჯგუფი ერთ მხარეს დააჯგუფეს, მათ არავინ ეკითხებათ, რასაც იტყვიან, იმას აკეთებენ. ალბათ, ჩვენ ვნახავთ მეორე „კლასტერს“, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებით, რასაც ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვს, შესაძლოა, მათთან ერთად ვიხილოთ „ლელო“, გახარია და ა.შ. ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები რამდენ „კლასტერადაც“ არ უნდა დაიყონ, ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.