მამუკა მდინარაძე: ეს ქვეყანა კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი და განვითარებული, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს

“ეს ქვეყანა კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი განვითარებული ქვეყანა, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ FARA-ს ახალ დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  მთავრობის ოპონენტები, დავალებების შემსრულებლები სხვა ინტერესებს ემსახურებიან.

„აშშ-ში მოქმედმა რუსულმა კანონმა – ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, გააშიშვლა მთლიანად „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების გეგმები. არცერთი ის წინადადება, რომელიც ამ კანონის თანახმად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, არ მოგვიფიქრებია ჩვენ. არცერთი ბრალდება არ მოგვინდომებია, რომ ვინმეს მიმართ გაგვეხმოვანებინა, პირიქით, ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო, საქართველოს საწინააღმდეგო დამაზიანებელი კამპანიის ფონზე, ამ ადამიანების ისეთი ლუსტრაცია, რომელიც ამხილა FARA-ს გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ დასანქცირება უნდოდათ და უკვეთავდნენ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს. ასევე ირკვევა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ კამპანიები, რომელიც დაორგანიზებული იყო და ჩვენ ვხედავდით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვითომდა სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, იყო დაფინანსებული და დაორგანიზებული. აქ უკვე ძაღლის თავია დამარხული. მხოლოდ ფულით ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. აქ არის ორი მთავარი კომპონენტია – ერთი, ამ ადამიანების დავალებების მიმცემების ზრუნვა საქართველოსთვის დამაზიანებელ კამპანიაზე და მეორე, იმ ნაწილის ფორმალიზება, რომელიც საჭიროა რომ ლობისტების მიერ იყოს მხარდაჭერილი. ასე ცალკე, რომ შენ ფული გადაიხადე და ამხელა კამპანიას ააგორებ, არ ხდება. თავი დაანებონ იმ რიტორიკას, რომ თითქოს ფულის გადახდა უზრუნველყოფს ამხელა კამპანიებს. რეალურად ამას მხოლოდ ფული ვერ უზრუნველყოფს, ამას უზრუნველყოფს გლობალური ომის პარტიის უდიდესი ინტერესი, სამწუხარო და ასევე ლობისტების მიერ ჩაშლილი დეტალური კამპანია საქართველოს საწინააღმდეგოდ. რაც ყველაზე მთავარია, მათ საქართველოსგან სჭირდებათ კამიკაძე და ჩვენ ამ ქვეყნისგან გვჭირდება ამაყი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა, ამაყი ხალხით, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოერევიან და ქვეყანა, სადაც ქვეყნის შიგნით მიიღება გადაწყვეტილებები ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. ასეთი იქნება ჩვენი ქვეყანა და არა ის, რომ როცა ვინმეს მოუნდება, რაც არ უნდა გავლენიანი ჯგუფი იყოს მსოფლიოში, უკაცრავად და ასე თითს დააწკაპუნებს და ქვეყანა ჩაერთვება ომში, თითს დააწკაპუნებს და მიუთითებს მის აგენტურას და ქვეყანა გააკეთებს იმას, რაც შეიძლება ქართველ საზოგადოებას არ სჭირდებოდეს, მაგრამ სჭირდებოდეს რაღაც სხვა, დიდ ინტერესს და ეს ინტერესი საბოლოო ჯამში მიდიოდეს რაღაც სიკარგისკენ, მაგრამ ამ ქვეყნის განადგურების ფონზე, არ ვაპირებთ, რომ რაღაცა სხვა ინტერესებს ვემსახუროთ. ეს ხალხი, ჩვენი ოპონენტები, დავალებების შემსრულებლები, ემსახურებიან სხვა ინტერესებს. ეს ქვეყანა კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი განვითარებული ქვეყანა, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები