ბანგლადეშში დენგეს ცხელებას, სულ მცირე, 176 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ბავშვია

ბანგლადეშში დენგეს ცხელებას ებრძვიან, ქვეყნის საავადმყოფოები ინფიცირებულებით დღითი დღე ივსება.

ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ დაავადება “ეპიდემიის” მასშტაბებს უკვე მიაღწია, თუმცა, მთავრობა ამას ოფიციალურად არ აცხადებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს (DGHS) ცნობით, 23 ივლისის საღამოს მდგომარეობით, დაავადებას, სულ მცირე, 176 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 წლამდე – 31 ბავშვია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხელებით წელს თითქმის 33 ათასი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სიკვდილიანობის დონემ წელს საგანგაშო, ხუთწლიან მაქსიმუმს მიაღწია – 0,53% წელს, შარშანდელ 0,45 პროცენტთან შედარებით, როდესაც ბანგლადეშში დაავადებას რეკორდული – 281 ადამიანი ემსხვერპლა.

DGHS იუწყება, რომ წელს 176 გარდაცვლილთაგან 115 სიკვდილი 1- 23 ივლისის პერიოდზე მოდის, მაშინ როდესაც შარშან, ამავე პერიოდში – 29 ლეტალური შემთხვევა იყო.

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სიტუაცია, შესაძლოა უახლოეს დღეებში გაუარესდეს, რადგან ბანგლადეშში როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე სიკვდილიანობის პიკი, როგორც წესი, აგვისტო – სექტემბერში მოდის.

DGHS-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი აბულ ბაშარ მოჰამად ხურშიდ ალამი მიიჩნევს დენგეს ცხელების ეპიდემიად გამოცხადება ადრეა.

„ეპიდემიის გამოცხადებისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე კრიტერიუმის დასაბუთება. არ მგონია, რომ ჩვენ მაგ მომენტს მივუახლოვდით. გარდა ამისა, არ არის საჭირო ხალხში პანიკის დათესვა და ამის ეპიდემიად გამოცხადება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები