ისრაელის ქნესეტი დღეს კანონპროექტს უყრის კენჭს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ვნებათაღელვის საგანს წარმოადგენს.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სასამართლოს რეფორმირება გადაწყვიტა. კერძოდ, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე კონტროლის საპარლამენტო უმრავლესობისთვის გადაცემას. ხელისუფლებას ასევე სურს, უარი თქვას საკანონმდებლო პრინციპზე, რომელიც საშუალებას აძლევს უზენაეს სასამართლოს, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები. აღნიშნული კი, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას წარმოადგენს. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც ქნესეთში მანდატების უმრავლესობა აქვს, შეძლებს, თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს სასამართლოს ნებისმიერი კანონი.
კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. ნეთანიაჰუ კი პირიქით, არსებულ ვითარებას “ანტიდემოკრატიულს” უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.
ორი დღის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუ შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 23 ივლისს ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, ნეთანიაჰუს მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა.
დღეს აქციის მონაწილეები ქნესეთის შესასვლელების გადაკეტვას ცდილობენ, პოლიცია კი წყლის ჭავლს იყენებს. პარლამენტარები შენობაში პოლიციის დაცვის თანხლებით შედიან.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ოპოზიციამ კენჭისყრის ბოიკოტირება გადაწყვიტა.
ნეთანიაჰუ კი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. მან ადრე განაცხადა, რომ კლინიკიდან პარლამენტში მივა, თუმცა, ექიმები მას უახლოესი ორი დღის განმავლობაში სახლში დარჩენისკენ ურჩევენ.