კინოს სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან და სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სოსო სუთიძესთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა რეჟისორებთან, დარგის სპეციალისტებთან და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი გაფართოებული შეხვედრის შედეგად სხვადასხვა კინოხელოვანის მიერ მომზადებული პროექტები განიხილეს, რომლებშიც წარმოდგენილია კინოს სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმის, არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხედვები და ამ საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალური მიდგომები. დისკუსიისას გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები კინოცენტრის მენეჯმენტთან, ბიუჯეტის განაწილებასთან, კონკურსების ჩატარების წესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის ივნისში კინოს სფეროს წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, რა დროსაც, კულტურის მინისტრმა დარგის სპეციალისტებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებდა.
კინოსთან დაკავშირებული საქმიანი დიალოგისთვის სამინისტრო დაინტერესებულ პირებსა თუ პირთა ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.