„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
როგორც აღნიშნული პარტიების ლიდერებმა – ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ისინი რუსული პარტიის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიით ბრძოლას იწყებენ.
„კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდი პარტიაა პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღმაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.