რატი ბრეგაძე: ამაზრზენია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ ერიდებიან თანხების გადახდას, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარებაში დაარწმუნონ
სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს.
მისი თქმით, ამაზრზენია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ ერიდებიან თანხების გადახდას, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარებაში დაარწმუნონ.
„არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და პირდაპირ ასხამენ წყალს საქართველოს არაკეთილმოსურნის წისქვილზე. აქ ახალი პრაქტიკულად არაფერია. უბრალოდ ნამდვილად ამაზრზენია, როდესაც ვკითხულობთ ამ ოფიციალურად გამოქვეყნებულ აქტში, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესებისა და ნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად, ეს ადამიანები არ ერიდებიან თანხების გადახდას თუნდაც იმისთვის, რომ მაგალითად ამერიკელი სენატორები დაარწმუნონ, რომ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ გატარდეს სანქციები. ვფიქრობ, ამაზე დიდი მავნებლობა რთულია წარმოვიდგინოთ.
საბოლოოდ, სიმართლე არ იყიდება. ის აუცილებლად პოულობს თავის გზას ადრე თუ გვიან. ვფიქრობ, მთელი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სიმართლე არის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვმოქმედებთ მკაცრად კანონის ფარგლებში და ნებისმიერ ფასად დავიცავთ საქართველოს, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს. რა სახის პოლიტიკური შტურმიც არ უნდა განახორციელოს ამ მავნებლურმა ოპოზიციამ თუ მსჯავრდებულის მომხრეებმა, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობის თანხებით აფინანსებენ ამ მავნებლურ კამპანიას“, – განაცხადა ბრეგაძემ.