სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლების მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“.
კულტურის სამინისტრო ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტია 300 000 ლარი. კონკურსის მიზანია: უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც მოემსახურება სასწავლებლების ძირითად მიზნებს; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა, რომლის მიხედვით სამუსიკო სასწავლებელი მოითხოვს მუსიკალურ ინსტრუმენტს ან ინსტრუმენტებს და დაასაბუთებს მათ საჭიროებას.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პროექტებს, რომელთაც 2021-2022 წლებში ანალოგიური კონკურსის ან სხვა პროგრამის ფარგლებში არ მიუღიათ სამინისტროს დაფინანსება.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტრომ 2021 წელს ამავე კონკურსისთვის გამოყო 700 000 ლარი, ექვს რეგიონში დაფინანსდა 13 ორგანიზაცია და შეძენილ იქნა 160 ახალი ინსტრუმენტი. გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ კულტურის სამინისტრომ პირველად დააფინანსა ამ 13 სამუსიკო სასწავლებლისთვის ინსტრუმენტების შეძენა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სასწავლებლების უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტები სწორედ გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ შეუძენიათ და სასწავლებლები მუსიკალური ინსტრუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდის, ეს კი, ცხადია, სასწავლო პროცესს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
2022 წელს სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი იყო 400 000 ლარი და საქართველოს შვიდი რეგიონის 11 მუსიკალურ გაერთიანებაში შემავალი 19 სამუსიკო სკოლისთვის შეძენილ იქნა 83 ინსტრუმენტი.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 28 ივლისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: N 032 2 022229, N: 599 85 32 88, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 14 აგვისტოსი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N 7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/zwpsg6Yu