მამუკა მდინარაძე – პოლონელ ექიმზე: გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია, ადამიანმა მოიპაროს ის, რაც წესების დაცვით უკვე აქვს

“გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია, ადამიანმა მოიპაროს ის, რაც წესების დაცვით უკვე აქვს. აქ უამრავი ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ ერთადერთი მიზანი შეიძლება, ყოფილიყო ექსპერტიზის ყალბი დასკვნა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს იკადრა იმ ექიმმა, რომელზეც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ჰქონდა.

„ეს მოწოდებები არის იმ ფეიკ-კამპანიის გაგრძელება, რომელსაც უკვე ერთ წელზე მეტია, ვუყურებდით, ვისმენდით და რასაც წერტილი ჯერ დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც აბსოლუტურად ემთხვეოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას, და პოლონელი ექიმის მცდელობამ, მოეპარა კვლევის ნიმუში. როდესაც პოლონელ ექიმებს საშუალება აქვთ, გაიტანონ ყველა წესის დაცვით სააკაშვილისგან კვლევის ნიმუში, ანალოგიურ ნიმუშს რომ იპარავს, ვერსია შეიძლება უამრავი არსებობდეს, მაგრამ ამ ვერსიების ქუდი, საერთო შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მომზადება და ამის მცდელობა. გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია ადამიანმა მოიპაროს ის, რაც წესების დაცვით უკვე აქვს. როგორ დაამუშავებდნენ, რატომ შეცვლიდნენ, რატომ არის უფრო ადვილი შეცვლა, და არა დალუქულის გაყალბება – აქ უამრავი ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ ერთადერთი მიზანი შეიძლება ყოფილიყო ექსპერტიზის ყალბი დასკვნა. როცა ამას შედარებით მარტივად ჩაანაცვლებდნენ, მერე ალალად და ობიექტურად დაწერდა მსოფლიოს ყველა წამყვანი ექსპერტიზა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მარტივი სქემაა და სამწუხაროდ, ეს იკადრა იმ ექიმმა, რომელზეც ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები