სარჯველაძე – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობის, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა და თვითონ სააკაშვილი მიმართავს

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ეს არ არის პირველი, მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, მეგობარ სახელმწიფოებში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები. ეს ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ამ ხალხისთვის არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური ინტერესები, რადგან არ შეიძლება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროინტეგრაციისთვის იღვწის და ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორ აღქმებზე ევროპულ სახელმწიფოებში, ასეთ დროს დაკავებული იყო ისეთი საქმიანობით როგორიც არის მსგავსი რეზოლუციების ინიცირება და ამის მხარდაჭერა და იმავდროულად ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს. ახლა ხომ გასაგებია, რომ ყველა ის ყალბი აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილა ამ ხნის განმავლობაში, ნაკვები და ნაკარნახევი იყო მსგავსი საქმიანობით, როცა მერკანტილური, მავნებლური ინტერესები არის მამოძრავებელი ცალკეული აქტივობებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარიმართებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ რა სახის აქტივობა განახორციელა ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები