Reuters: აშშ უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, ასაფეთქებელ დრონებსა და საბრძოლო მასალებს.
კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE სისტემებზე, რომლებიც აშშ-მა მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost და Switchblade დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე”, რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე.
აღნიშნული პაკეტი ქვეყანას უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გადაეცემა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს იარაღი მრეწველებისგან შეიძინოს, რათა მისი ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემა არ მოხდეს.