ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: თუკი თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად არ შეიცვლება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირსა და თურქეთს მოუწოდებს, გადალახონ არსებული ჩიხი და იპოვონ „პარალელური და რეალისტური ჩარჩო“ ურთიერთობისთვის.
„თუკი თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად არ შეიცვლება, ამჟამინდელ პირობებში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში.
ევროპარლამენტარები ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებისთვის პარალელური და რეალისტური ჩარჩოს მოსაძებნად რეკომენდაციას უწევენ რეფლექსიის პროცესის დაწყებას.
ანგარიშში ევროპარლამენტარები ადასტურებენ, რომ თურქეთი რჩება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატად, ნატოს მოკავშირედ და მთავარ პარტნიორად უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა და მიგრაციის საკითხებში და ხაზს უსვამენ, რომ თურქეთმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და დაიცვას ევროკავშირის კანონები, პრინციპები და ვალდებულებები.
ანგარიში მოუწოდებს თურქეთს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოახდინოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული მეორე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან.
ამასთან, ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თითოეული ქვეყნის პროგრესი საკუთარ დამსახურებებზეა დაფუძნებული.