მიხეილ სააკაშვილი: ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამებისა და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე
მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, დროა ბოლო მოეღოს „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ქვეყნის ნგრევას.
„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.
სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.
სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.
დროა ბოლო მოეღოს „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, განცხადება გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, „ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“.