„თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ქართველ დრამატურგთა მოტივაციის ამაღლება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ქართული პიესების მხარდაჭერა, საქართველოს თეატრების რეპერტუარის შევსება, განახლება და გამრავალფეროვნება, თანამედროვე თეატრალური პროცესის გააქტიურება. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ თეატრის ან/და ლიტერატურის სფეროში მომუშავე საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 14 000 ლარს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართა ოთხმა განმცხადებელმა. გამოვლინდა ერთი გამარჯვებული:
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, „ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის ფუნდამენტი“. პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული თეატრი გამოაცხადებს თანამედროვე დრამატურგთა კონკურსს. კონკურსის მონაწილეებს თავისუფალ თემაზე პიესის დასაწერად განსაზღვრული ექნებათ კონკრეტული ვადა. საკონკურსო ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო პიესას.
2022 წელს კონკურსი ჩატარდა სახელწოდებით – „თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“. კონკურსის ბიუჯეტი იყო 14 000 ლარი. სამინისტროს მომართა შვიდმა განმცხადებელმა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
1. „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის ანთოლოგიის გამოცემა ქართულ ენაზე“ (განმახორციელებელი სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი);
2. ედვარდ რაძინსკის პიესის – „დოსტოევსკის ცოლის როლის შემსრულებელი მოხუცი მსახიობი ქალი“ – თარგმანი ქართულ ენაზე (განმახორციელებელი ფ/პ ია გოგიშვილი);
3. იასმინა რეზას სამი პიესის თარგმანი ქართულ ენაზე. თეატრ „ჰარაკში“ გაიმართება პიესების კითხვა და სემინარ-დისკუსიები (განმახორციელებელი შპს „ქამელეონი“).