გია ვოლსკი: ახალგაზრდებსა და ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ
“ახალგაზრდებში, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, დესტაბილიზაციის წინაპირობების შექმნა არის დღის წესრიგში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ “აჭარანეტზე” განთავსებულ ანიმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ დაძაბულობის შექმნაში აქტიურად არიან რადიკალური ოპოზიციური ფრთიდან ჩართულნი.
“როგორც კანონმდებელმა ამ თემაზე, ყველამ ერთი რამ უნდა თქვას, რომ საქართველოში ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, ლგბტ იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. იგი ისეთნაირად არის პასუხისმგებელი და იმავენაირად დაცული კანონის მიერ, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, მაგრამ როცა საქმე ეხება პროპაგანდას, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, ეს არის საგანგებოდ დაგეგმილი, დარაზმული ადამიანების მიერ, შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, რათა დაპირისპირების სხვადასხვა კერები წარმოიშვას, რომლითაც კონკრეტული პირები ისარგებლებენ. როცა ეს საქართველოს ეხება, უფრო ვღელავთ და მეტ განცხადებებს ვაკეთებთ, მაგრამ მსოფლიოსთვის ეს ახალი ამბავი არ არის. ახალგაზრდებში, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, დესტაბილიზაციის წინაპირობების შექმნა არის დღის წესრიგში. მე არ ვიცი, ანიმაციის შექმნაში ვინ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ფაქტია, დაძაბულობის შექმნაში აქტიურად არიან რადიკალური ოპოზიციური ფრთიდან ჩართულნი”, – განაცხადა ვოლსკიმ.