გია ვოლსკი: ნიმუშების ჩანაცვლების ეჭვი როცა ჩნდება, უნდა ვიფიქროთ, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც საფრთხე ემუქრება, მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის პროცესზე
ნიმუშების ჩანაცვლების ეჭვი როცა ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება, მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში ჩაბარების პროცესზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ერთადერთი, რაზეც შეიძლება, ვიფიქროთ, არის ის, რომ პოლონელ ექიმს ე.წ. მარცხენა ეგზემპლიარები ჰქონოდა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და გადაეცათ ლაბორატორიისთვის. რასაკვირველია, ნიმუშების ოფიციალური გადაცემა საკმაოდ სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება. როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება. მივმართავ პოლონეთს, რომ საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარებულ პროცესზე. როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, რასაკვირველია, ეს იძლევა საფუძველს, რომ ამ ნიმუშების გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა. პოლონელმა ექიმმა წარმოუდგენელი აქცია ჩაატარა, რაც მიუთითებს საშიშროებაზე, რომ შეიძლება, ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.