ცუცქირიძე: ოპოზიციის მხრიდან მუდმივად სპეკულირებული ე.წ შავი ხვრელების თემა იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ქვეყნის იმიჯის დაზიანებასთან ერთად, მიზნად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას ისახავს

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მუდმივად სპეკულირებული ე.წ შავი ხვრელების თემა იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ქვეყნის იმიჯის დაზიანებასთან ერთად, მიზნად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას ისახავს. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინაში ომის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, რამდენად გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა და შეძლებს ომის რელსებზე გადასვლას საერთაშორისო სანქციების პირობებში.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვა და ზრდის მკვეთრი შენელებაა, ხოლო ეკონომიკის რეცესიაში გადასვლამ რუსული ნეოიმპერიული მანქანა უნდა აიძულოს, საომარი მოქმედებების შეწყვეტისაკენ.

მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, აშშ, ევროკავშირი და მისი პარტნიორები, შეთანხმდენ რუსეთისათვის ფართო სანქციების დაწესებაზე, მათ შორის, ქვეყანაში გარკვეული ტიპის მანქანებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვასთან ერთად, ბევრმა ევროპულმა ფირმამ ასევე შეამცირა ან მთლიანად გაყინა ვაჭრობა რუსულ ფირმებთან.

ევროკავშირმა და G7-მა ასევე დააწესეს აკრძალვები და ფასების ლიმიტი რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე. ამასთან, ევროკავშირმა თანდათან აკრძალა ქვანახშირის იმპორტი (2022 წლის აგვისტოდან), შემდეგ ნედლი ნავთობის (2022 წლის დეკემბრიდან) და, ბოლო დროს, რაფინირებული ნავთობპროდუქტების (2023 წლის თებერვლიდან).

რუსეთი ომამდე ევროზონის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო. 2021 წელს ის იყო მსოფლიოს მე-11 უდიდესი ეკონომიკა და შეადგენდა ევროზონაში ექსპორტირებული საქონლის დაახლოებით 3%-ს და იქიდან იმპორტირებული საქონლის 5%-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარკვეულ სტრატეგიულ სექტორებში: რუსეთზე მოდიოდა ევროკავშირის ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით ევროკავშირის ნახშირის იმპორტის თითქმის ნახევარზე.

მართალია, ომისა და სანქციების შედეგად ევროზონასა და რუსეთს შორის ვაჭრობა პირველ თვეებში მკვეთრად დაეცა, იგივე ითქმის რუსეთის ეკონომიკაზეც, განსაკუთრებით კი სწრაფად შემცირდა ევროზონის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ თუ ომის პირველ თვეებში ეს ასახავდა როგორც სანქცირებული, ისე – არასანქცირებული კატეგორიის საქონლის ექსპორტის შემცირებას, ხოლო რუსეთის იმპორტის მთლიანი ღირებულება თითქმის განახევრდა, რადგან ყველა მისმა სავაჭრო პარტნიორმა და არა მხოლოდ სანქციების შემომღებმა ქვეყნებმა, შეამცირეს ექსპორტი. თუმცა, 2023 წლის დასაწყისისთვის რუსეთის იმპორტის ღირებულება თითქმის ომამდელ დონემდე გაიზარდა!
თვალსაჩინიოებისათვის თუ რუსეთის მშპ 2022 წლის იანვარში, ანუ უკრაინაში ინტერვენციამდე იზრდებოდა 5.9 %-ით, თებერვლიდან მოყოლებული უკვე ივნისში ვარდნამ 5.1 % შეადგინა. იყო პროგნოზი, რომ ეკონომიკის წლიური შეკუმშვა -11 % იქნებოდა, თუმცა, ეს პროგნოზი არ გამართლდა. 2022 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), გაცილებით ნაკლებად მხოლოდ 2,1%-ით შემცირდა. მიმაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკის შემცირების 2023 წლის პროგნოზიც საეჭვოა, ყველაზე პესიმისტური სცენარისას OECD-ს შეფასებით 2,5%-ით, ხოლო მსოფლიო ბანკის მიხედვით 0,2%-ით შემცირდება. ძალზე კონსერვატიულია სსფ-ის პროგნოზიც, ეს საერთაშორისო ორგანიზაცია 2023 წელს ზრდას მხოლოდ 0,7 %-ით ელის.

და ოქტომბრიდან, ამ და სხვა პროგნოზების საპირისპიროდ, რუსეთის ეკონომიკის ვარდნის შეჩერება გასული წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყო. თუ ოქტომბერში ვარდნა 4.5 % იყო, უკვე 2023 წლის იანვარში ვარდნა -2.7 %, ხოლო საშუალო წლიური ვარდნა როგორც აღვნიშნე, 2.1 % იყო.
ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ზრდამ 3.3 % შეადგინა, ხოლო მაისში 5.4 % და ეს ხდებოდა მკაცრი სანქციების პირობებში! 2023 წლის ზრდის პროგნოზიც, დიდი ალბათობით, სხვადასხვა საექსპერტო შეფასებით, გაცილებით მაღალი, სავარაუდოდ 3 %-ის ფარგლებში იქნება.

რუსეთმა დიდწილად მოახდინა მიწოდების ჯაჭვების რესტრუქტურიზაცია და მისი საქონლის იმპორტი აღდგა. რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა, როგორც მისი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტისა, ფაქტობრივად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და G7-ის სანქციები მიზნად ისახავს მის მკვეთრ შემცირებას. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა ევროპიდან ნაკადები გადაიტანა ჩინეთსა და თურქეთში, ისევე როგორც ახალ სავაჭრო პარტნიორებთან ინდოეთში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის უფრო დიდი მოცულობის შეთავაზება ხდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ურალის ხარისხის ნავთობი, რომელიც რუსეთის მთავარი საექსპორტო კლასია ევროპაში, ივაჭრებოდა საშუალოდ 48 აშშ დოლარად ბარელზე თებერვალში, რაც გაცილებით დაბალია თუნდაც 83 აშშ დოლარის Brent ნავთობის საშუალო ფასის ბარელზე.

დღეს რუსული ეკონომიკის გამოცოცხლების იმ ქვეყნებზე გადაბრალება, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდენ და კვლავ გაზარდეს ექსპორტი რუსეთში, სუბიექტურ და სხვაზე გადაბრალების ხასიათს უფრო ატარებს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ამ ქვეყნებს! CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საუბარია იმ კორპორაციებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყებისას რუსეთის დატოვების პირობა დადეს, თუმცა ბოლომდე არ შეასრულეს და დიდ სარგებელსაც იღებენ. ანუ, ფაქტობრივად, აფინანსებენ რუსეთის ბიუჯეტსაც და დასაქმებასაც ამავდროულად. აქ საუბარია იელის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ CNN-სთვის მიცემულ ანგარიშში დასახელებულ

ისეთ ცნობილ ბრენდებზე, როგორებიცაა „ჰეინეკენი“, „ფილიპ მორისი“, „უნილევერი“ და „ორეოს“ მწარმოებელი „მონდელესი“.
ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ 2021 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის საქონლის მთლიანმა ვაჭრობამ 257,5 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2022 წელს არა თუ შემცირდა, არამედ 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო შეადგინა.

იგივე ევროკავშირის მხრიდან როდესაც მინიშნებები და ცალკეული ბრალდებები არის ხოლმე საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რასაც ქართული ოპოზიცია ერთი ერთში იმეორებს, ევროკავშირის რუსეთთან ბრუნვის წლიური ნაზარდი 2-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან 2022 წლის განმავლობაში! ხოლო ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან წმინდა ციფრებში რომ გადავიყვანოთ, 110-ჯერ აღემატება საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან.

ოპოზიციის მხრიდან მუდმივად სპეკულირებული ე.წ შავი ხვრელების თემაც ამ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იმიჯის დაზიანებასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას, მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ!

აქედანაც ჩანს, რომ ომის მოკლე ვადებში დამთავრების სურვილი, არარეალურია. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ინდუსტრია ომამდე დიდწილად ეყრდნობოდა მაღალტექნოლოგიურ საქონელს და გაურკვეველი რჩება არის თუ არა ახალი იმპორტი იგივე ხარისხის, როგორიც ომამდე იყო, ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რუსეთში პროდუქტიულობის ზრდაზე, და შეამცირებს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებს, ოღონდ არა მოკლე ან საშუალო, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში!”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები