თეა წულუკიანი: ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება
“ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანი კლინიკა “ვივამედში” მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით კითხვები ისმის.
„აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არა, თვითდაზიანებით არის დაკავებული. მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს. ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და, იქნებ გამოგვაყენებინო შენი თავი პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მან ეს სცენარი თავადვე დაარღვია, რასაც მივესალმები. ახლა უკვე კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით და ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას უჭერდა ამდენი თვე მხარს, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.