„ბიჭო, ეს გულისა არაა?! – კი არ ვკითხე, ამოვიხავლე. არ გამოუხედავს, ისე მითხრა! თვალი გავაპარე. კემე ტიროდა!“

სკოლაში არ შეუყვანიათ. სიარული უჭირდა, გადაბიჯებისას ფეხებს მიითრევდა, მუხლებს ბოლომდე ვერ მართავდა, ირწეოდა და მოძრაობას ხელებსაც არაბუნებრივად აყოლებდა.
სახსრები დაბადებიდან აქვს ჩაკეტილიო, ამბობდნენ მეზობლები.
მთელი კავშირი მოატარეს, ყველა ცნობილ ექიმთან ჰყავდათ, იქამდე – ცნობილ ექიმბაშებთანაც კი, მაგრამ არაფერი ეშველა.
დაქირავებული მასწავლებელი სახლში აკითხავდა, უნიჭიერესი ბავშვიაო, ამბობდა.
ერთადერთი, ველოსიპედით მოძრაობისას არაფერი ეტყობოდა, ჩვეულებრივად ატრიალებდა პედლებს. მუდამ ველოსიპედით დადიოდა. ჯერ „შკოლნიკი“ ჰყავდა, მერე „ორლიონოგი“, ბოლოს „უკრაინა“ უყიდეს, დიდი, წინ მერცხლის მონიკელებული ემბლემით.
ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. ერთად ვიზრდებოდით. მეზობლად ცხოვრობდა. მოვიდოდა, მიაყუდებდა ველოსიპედს ერთსართულიანი ხის სახლის ბოკონს და ვაივაგლახით ამოივლიდა კიბეებს. ხელის შეშველება არ უყვარდა, ამაყი იყო. მის მდგომარეობაზე არასოდეს მიფიქრია, ის ჩემთვის ჩვეულებრივი ბავშვი იყო, როგორც – მე.
სულ ოთხი კლასის პროგრამა გაიარა, მაგრამ იმდენად ნაკითხი გახლდათ, ნებისმიერ საკითხზე შეეძლო მსჯელობა. ტოლს არაფერში დაგიდებდა.
პატარაობიდან ვამჩნევდი, ჩემი კლასელი, ებრაელი გოგო, გულისა, მოსწონდა. ხანდახან ჩამოვუგდებდი ხოლმე მასზე ლაპარაკს, მაგრამ არაფერს იმჩნევდა, თითქოს არც აინტერესებდა.
გულისაც მეზობელი იყო, თუმცა საკმაოდ შორს ცხოვრობდა. სკოლაში ჩვენი ქუჩის გავლით დადიოდა.
იდგა ჭიშკართან ველოსიპედზე დაყრდნობილი კემე და თვალს აყოლებდა.
ხან ვეებერთელა კოპიტს მოფარებული უთვალთვალებდა.
გულისას მამა, „იოსკა მესაათე“, ცნობილი კაცი იყო. საათების შეკეთება მაშინ საკმაოდ შემოსავლიან ხელობად ითვლებოდა. გულისას ყოველთვის გამორჩეულად ეცვა. ჭკუაც უჭრიდა – ხუთებზე სწავლობდა.
იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. კემე მესტუმრა, ჭადრაკი ვითამაშოთო. ყოველთვის მიგებდა და მასთან თამაში არ მსიამოვნებდა. ხათრი ვერ გავუტეხე. ჩემდა გასაოცრად, სამი პარტია მოვუგე ზედიზედ. არ ხარ შენ ჩემთან ჭადრაკის სათამაშოდ მოსული-მეთქი, პირდაპირ დავაჯახე.
– ბიჭო, მიმეგზავნე გულისასთან და უთხარი, რომ მიყვარს!
თვალები შუბლზე ამივიდა. კი ველოდი ამას, მაგრამ მაინც ძალიან გამიკვირდა.
– შენ თვითონ უთხარი, უკეთესად არ ეტყვი?
– არა, არა, გთხოვ, შენ უთხარი, როგორც გინდა, ისე უთხარი!
კემეს მეტი არაფერი უთქვამს, წვალებით ჩავიდა კიბეზე და ველოსიპედს დაყრდნობილი ჭიშკრისკენ წაბანცალდა.
თვალი გავაყოლე.
ძლივს მიითრევდა ტანს, მაგრამ იმ წუთში, ჩემთვის მასზე სრულფასოვანი და ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობდა.
გულისას ბევრჯერ ჩამოვუგდე სიტყვა კემეზე, მაგრამ ვერავითარი ინტერესი მის მიმართ, თქმას რომ გამიადვილებდა ისეთი, ვერ შევნიშნე.
ერთხელ, სახლისკენ ჩემთან ერთად მომავალს , კემეს უყვარხარ-მეთქი , პირდაპირ მივახალე.
– რა იცი შენ?
-თვითონ მითხრა.
– რაო, მიყვარსო?
– ჰო, და უთხარიო!
გულისას კარგა ხანს ხმა არ ამოუღია.
– ვხვდებოდი მე ამას, კარგი ბიჭია, კემე!
მოულოდნელობისგან სუნთქვა შემეკრა!
-იცი რა? მე წელს სამედიცინოზე ჩავაბარებ, ხომ იცი, რომ ვემზადები, ქირურგიულზე ვისწავლი, კემეს ოპერაციას გავუკეთებ და აუცილებლად ფეხზე დავაყენებ, ახლა ეს გინდა უთხარი, და გინდა – ნუ ეტყვი. შენ გადაწყვიტე.
მე ეს კემესთვის არ მითქვამს. გულისას ნათქვამიდან აზრი ვერ გამოვიტანე. ეცოდებოდა, უყვარდა თუ დასცინოდა, ვერ გავარკვიე, ან, იქნებ, ეს სულაც ბავშვური, გულუბრყვილო ოცნება იყო და მეტი არაფერი.
კემესაც არაფერი უკითხავს, პასუხს, ალბათ, არც ელოდა.
სკოლის დამთავრებისთანავე, ჩემდა გასაოცრად, გულისა გათხოვდა. როგორც თქვეს, ცოლად გაჰყვა ლენინგრადელ მილიონერს, რომელიც მასზე ჩვიდმეტი წლით უფროსი იყო და შორეულ ნათესავადაც ერგებოდა.
ასე დამთავრდა კემეს სიყვარული.
მალე „იოსკა მესაათის“ ოჯახიც წავიდა ჩვენი სოფლიდან.
სკოლის დამთავრების მეოცე წლისთავზე შეკრებილებს მოულოდნელად გვაცნობეს, გულისა , ერთი კვირის წინ, ლიმფური ჯირკვლების სარკომით გარდაიცვალაო. წაგვიმწარდა ის დღე. ჩვენი ულამაზესი თანაკლასელი პირველი იყო, რომელიც ჩვენს მეათე – მეორე კლასს გამოაკლდა!..
.
იმ ხანებში თბილისში ვცხოვრობდი და რამდენიმე დღით ვიყავი სოფელში ჩასული. კემე მესტუმრა. დანჯღრეული ველოსიპედით მოვიდა. ძლივს ამოვიყვანე კიბეზე. სულ ჩამეკეტა სახსრებიო, მითხრა. მობერებული მეჩვენა, თუმცა ჯერ ორმოცდარვისაც არ იყო,
ბიჭოო, მითხრა, თბილისში კანადელი ორთოპედები ჩამოსულან და ოპერაციებს ატარებენ. ხალხი რიგშია ჩაწერილი. თურმე, საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. არ ვიცი მე ვის გავახსენდი, მაგრამ გუშინ ჩემთან რაიონიდან სოცმუშაკები მოვიდნენ და მაცნობეს, კლინიკაში პერსონალურად ხარ მიწვეულიო.
– როდის წავიდეთ? – ვკითხე გახარებულმა.
– პარასკევს უნდა ვიყო იქ, 12 საათზე!
– კაი, წავიდეთ ხუთშაბათს!
.
კემე საავადმყოფოში დააწვინეს. ათასნაირი ანალიზი გაუკეთეს, სურათები და ტომოგრაფიები გადაუღეს და ერთი კვირის თავზე უთხრეს, რომ ამ საავადმყოფოს ბაზაზე ვერც ოპერაცია და ვერც შემდგომი რეაბილიტაცია ვერ მოხერხდებოდა, საჭირო იყო მისი მექსიკაში გადაყვანა, მისი პიროვნებით დაინტერესებული იყო მეხიკოს ორთოპედიული ცენტრის ხელმძღვანელი, ამერიკის კონტინენტზე ორთოპედიული ქირურგიის მამად აღიარებული, პროფესორი შარონ მანაგერი. გაგზავნილი იყო მასთან გამოკვლევების მასალები და პასუხს მალე შეატყობინებდნენ.
სამ დღეში აცნობეს, ნოემბრის შუა რიცხვებში მოგივა მოწვევაო, ოპერაციის საფასურს და მასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს პროფესორი მანაგერი აფინანსებსო, ოპერაციასაც თვითონ გაგიკეთებს, როგორც ჩანს, შენ მისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი გამოდექიო.

ორ დეკემბერს სასწრაფო დახმარების მანქანა ტრაპს მიადგა, კიბეებზე საკაცით აიყვანეს. აფრენილ „ბოინგს“ კარგა ხანს ვუქნევდი ხელს, რატომღაც ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს კემეს სამუდამოდ ვემშვიდობებოდი…
მთელი რვა თვე არაფერი გამიგია. ერთხელ დამესიზმრა, ველოსიპედზე მიმაგრებულ კალათაში პურები ეწყო და თავის განუყრელ ორთვალაზე დაყრდნობილი ჩემს ჭიშკართან იდგა.
სექტემბრის ბოლოს მოულოდნელად დამირეკა, ბიჭო, ხომ არ დაგავიწყდიო. თარიღი და რეისი ჩამაწერინა, აეროპორტში დამხვდიო…
.
ტრაპზე პირველი კემე გამოჩნდა. მოაჯირს ჩამოჰყვა. ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული. კიბეს რომ გამოცდა, ხელჯოხი დაიბჯინა და, წელგამართული, ისე ჩქარა წამოვიდა, თვალებს არ დავუჯერე. მოსუქებული, მოვლილი, ამაღლებული მომეჩვენა. მე რომ დამინახა, ხელები ჯოხიანად აიშვირა და გადამეხვია. საოცრება ხდებოდა – ჩემ წინ საღ-სალამათი კაცი იდგა!
აეროვაგზლიდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით.
კემემ ჯიბიდან საკმაოდ დაძველებული სურათი ამოიღო და გამომიწოდა. ულამაზესი წყვილი იყურებოდა ფოტოდან.
– ბიჭო, ეს გულისა არაა?! – კი არ ვკითხე, ამოვიხავლე.
თავი დამიქნია.
– მეორე გულისას ქვრივია, პროფესორი შარონ მანაგერი!- არ გამოუხედავს, ისე მითხრა!
თვალი გავაპარე. კემე ტიროდა!

 

ავტორი: ვასილ ბესელია

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები